-->

ბიოლოგია გულ-სისხლძარღვთა სისტემა





გულ-სისხლძარღვთა სისტემა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა, რომელიც ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას. გული, როგორც ტუმბო, ამოძრავებს სისხლს, რომელიც ერთის მხრივ, ორგანოებსა და ქსოვილებს აწვდის ყველა საჭირო ნივთიერებას - საკვებს, ჟანგბადს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ჰორმონები, ფერმენტები, მიკროელემენტები, ანტისხეულები და სხვ.), ენდოგენურ (ფაგოციტური და იმუნური უჯრედები) და ეგზოგენურ (სამკურნალო საშუალებები) დამცველ ფაქტორებს, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ ანთავისუფლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის მავნე პროდუქტებისაგან და ნახშირორჟანგისაგან, რომელთა ნაწილობრივი გაუვნებელყოფა ხდება ღვიძლში, ხოლო გამოყოფა გარემოში - ფილტვების, თირკმელების, საოფლე ჯირკვლებისა და სხვ. გზით. გარდა სატრანსპორტო ფუნქციისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა მონაწილეობს ორგანიზმის თვითრეგულაციაში, წყლისა და იონების ცვლაში (მათი ბალანსის რეგულირებაში) და სხვ.
სისხლის მიმოქცევაში მონაწილე ორგანოებია: გული, არტერიები, ვენები და კაპილარული ქსელი, ანუ ე. წ. მიკროცირკულაციის კალაპოტი.
გული გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა. ეს არის ოთხ საკნად გაყოფილი კუნთოვანი ორგანო, რომელიც მასთან დაკავშირებული სისხლძარღვებით ღებულობსა და გასცემს ორგანიზმში მუდმივად მოცირკულირე სისხლს. გულის რეგულარულ მუშაობაზეა დამოკიდებული არა მარტო ორგანიზმის განუწყვეტელი სისხლმომარაგება, არამედ მომარაგების დონეც. გული მდებარეობს გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილში, შუა ხაზის მიმართ ასიმეტრიულად - მისი 1/3 შუა ხაზის მარჯვნივაა, ხოლო 2/3 - შუა ხაზის მარცხნივ.
გული ადამიანის მუჭის ზომისაა. გულის ზომები დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, სხეულის მასასა და სიმაღლეზე, შრომისა და ცხოვრების პირობებზე. სხეულის ერთნაირი სიმაღლისა და მასის პირობებში მამაკაცის გული მასით და ზომებით სჭარბობს ქალისას, რაც აიხსნება მამაკაცის ორგანიზმში კუნთოვანი სისტემის უკეთ განვითარებით.ьსისტემატური ფიზიკური დატვირთვით არის განპირობებული გულის შედარებით დიდი ზომები სპორტსმენებში.
გული მუდმივმოქმედი კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ავტომატურად, 60-80 - ჯერ იკუმშება წუთში და რომლისთვისაც არ არის დამახასიათებელი ე.წ. «კუნთოვანი დაღლა», განსხვავებით ორგანიზმის სხვა კუნთებისაგან. ფიზიკური დატვირთვის დროს გულის მიერ გატარებული სისხლის რაოდენობა, რომელიც ჩვეულებრივ 4,5-5,0 ლიტრს შეადგენს წუთში, შეიძლება გაიზარდოს ორჯერ გულის შეკუმშვათა გახშირების ხარჯზე ისე, რომ გულმა არ განიცადოს გადატვირთვა. გულს თავისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან და ორგანიზმის სხვა სისტემებთან მჭიდრო ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, შეუძლია შეეგუოსьორგანიზმის მკვეთრად ცვალებად მოთხოვნილებებს. მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე საკმაოდ მაღალია, რომლის დასაკმაყოფილებლად მას ესაჭიროება გულში გატარებული სისხლის დაახლოებით 7%.ьь
სისხლძარღვებს, რომლებსაც სისხლი გულიდან ორგანოებისაკენ მიაქვთ, არტერიები ეწოდება, ხოლო სისხლძარღვებს რომლებსაც სისხლი ორგანოებიდან
გულისაკენ მიაქვთ - ვენები. ყველაზე წვრილი სისხლძარღვებია კაპილარები, რომელთა ურთიერთკავშირით იქმნება რთული კაპილარული ბადე. მსხვილი სისხლძარღვები ემსახურება მხოლოდ სისხლის ტრანსპორტირებას, ხოლო კაპილარები ამასთანავე ასრულებენ ქსოვილებსა და სისხლს შორის ნივთიერებათა ცვლის ფუნქციას.
სისხლის უწყვეტ მოძრაობას სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა ანუ ცირკულაცია ეწოდება. მას ადამიანის ორგანიზმში უზრუნველყოფს ფუნქციურად სრულიად განსხვავებული სისხლის მიმოქცევის დიდი წრე და მცირე წრე. სისხლის მიმოქცევის დიდი წრე მოიცავს მთელ ორგანიზმს. მისი ელემენტების საშუალებით სისხლი საკვებ პროდუქტებსა და ჟანგბადს აწვდის ორგანიზმის ყველა უჯრედს და ანთავისუფლებს მას ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებისა და ნახშიროჟანგისაგან.
სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს სრულიად განცალკევებული აუზი აქვს და ფუნქციურად ემსახურება მხოლოდ ფილტვებში სისხლის გატარებას, დიდი წრის ჟანგბადით გამდიდრებასა და მის ნახშიროჟანგისაგან განთავისუფლებას.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ
  • გულს სინამდვილეში როდი აქვს "გულის "ფორმა, მას უფრო მუჭის ფორმა აქვს და ზომითაც მამაკაცის მუჭის ტოლია;
  • ახალშობილის გულის წონა მისი სხეულის წონის 0,8 - 0,9 %-ს შეადგენს, ხოლო მოზრდილი ადამიანისა - შეესაბამება მთლიანი წონის 0,45 - 0,5 %-ს და დაახლოებით 350 გრამია.
  • თქვენი გული იკუმშება 30 მილიონჯერ წლის განმავლობაში.
  • თუ ადამიანის სხეულის ყველა სისხლძარღვს ერთმანეთის მოყოლებით დავალაგებთ, ისინი 2,5-ჯერ შემოერტყმებიან გარშემო დედამიწას;



0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით