-->

ფეისბუკზე გამოქვეყნებული ფოტოს ისტორია

სრულად:




Facebook-ზე ფოტოების გამოქვეყნების გამო ავსტრიაში შვილი მშობლებს უჩივის.

გყავთ შვილი? აზიარებთ მის უამრავ ფოტოს ფეისბუქზე? მაშინ წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სასამართლოში გიბარებენ, მომჩივანი თქვენი საკუთარი შვილია, მიზეზი კი მისი ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნება. 

ეს ამბავი ავსტრიაში რეალურად მოხდა. 18 წლის გოგონა მშობლებს ფეისბუქზე მისი 500-მდე ფოტოს გამოქვეყნების გამო უჩივის. საქმე ბავშვობის ფოტოებს ეხება, რომლებიც მომჩივანის აზრით, „ინტიმური და სამარცხვინოა“. ადვოკატი ამბობს, რომ სურათებს შორის არის საფენების გამოცვლის და პირადი ჰიგიენის პროცესიც.

„ჩემმა მშობლებმა არც ზღვარი იციან, არც სირცხვილი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, შიშველი ვარ თუ არა ფოტოზე. ყველა სურათი საჯაროდ ხელმისაწვდომია“ - ამბობს გოგონა. მისივე მტკიცებით, არაერთხელ სთხოვა მშობლებს, აეღოთ ფეისბუქიდან ფოტოები, თუმცა ამას ვერ მიაღწია. მამა ფიქრობს, რომ სურათები მისი გადაღებულია და საავტორო უფლებაც მასვე ეკუთვნის.

პროცესი ნოემბერში გაიმართება. თუ შვილი მშობლებს მოუგებს, მათ კომპენსაციის გადახდა მოუწევთ. ასეთი საქმე პირველია ავსტრიის სასამართლოს ისტორიაში.

შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ასეთი რამ საქართველოში? ქართულ პრაქტიკაში ამ ეტაპზე ასეთი მაგალითი არ მოიძებნება. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვსაც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, სიფრთხილით მოეკიდოთ თქვენი შვილების ფოტოების გამოქვეყნებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მომავალში მათ ეს არ მოეწონოთ. ფოტოების საჯაროდ გაზიარებით, მათზე ლოკაციისა და სხვა დეტალების მითითებით, ხელმისაწვდომს ხდით თქვენი შვილის პერსონალურ მონაცემებს. თუ სურათები სიშიშვლის შემცველია, შესაძლოა ამით სხვადასხვა ტიპის საიტები დაინტერესდნენ და გამოიყენონ კიდეც.

ამიტომ მიაქციეთ ყურადღება სოციალურ ქსელებში კონფიდენციალურობის პოლიტიკას (Privacy Settings) და, რაც მთავარია, თქვენი შვილების ინტერესებს. ვინ იცის, როგორი იქნება ინტერნეტი და კანონმდებლობა 5-10 წლის შემდეგ, როდესაც ისინი გაიზრდებიან.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით