-->

პროექტების კონკურსი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ"




ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.  დეტალურად ნახეთ თანდართული ფაილი
პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის.
კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.
აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2017 წელს ჩატარებული სემინარის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა პედაგოგს.
პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების და ქართული ენისა და ლიტერატურის თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ხორციელდება სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი წელს მეხუთედ გაიმართება. პროექტი მიმდინარეობს ორ ეტაპად: ა) სემინარი მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“, რომელიც უკვე ჩატარდა 2017 წლის მაისში, და ბ) კონკურსი, როგორც სემინარის მონაწილე, ასევე, პროექტში ჩართვის მსურველი სხვა მასწავლებლებისათვის. პედაგოგები სემინარის შემდეგ, წლის განმავლობაში ახორციელებენ პროექტებს თავიანთ სკოლებში საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით (კონკურსში მონაწილეობის შესახებ აუცილებლად იხილეთ დეტალური ინფორმაცია). 
პროექტები მიიღება მიმდინარე წლის 1 აპრილის ჩათვლით.
პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guidetoeurope@gmail.com  
კონკურსში გამარჯვებული 10 საუკეთესო პროექტის ავტორი გამოვლინდება ევროპის დღეების ფარგლებში, 2018 წლის მაისში.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით