რას ნიშნავს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და როგორ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს
ჩვენ ახლა ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვდგავართ,
რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრების წესი ფუნდამენტურად შეიცვლება. ეს ცვლილება კაცობრიობის
ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და მასშტაბური იქნება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ წარიმართება
ეს პროცესი, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ახალ გამოწვევებს ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ,
სახელმწიფო მეთაურებმა, საჯარო და კერძო სექტორებმა, აკადემიურმა და სამოქალაქო საზოგადოებებმა.
პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ მრეწველობის მექანიზაციისთვის
წყალი და ორთქლი გამოიყენა. მეორემ — ელექტროენერგიის საშუალებით, მასობრივი წარმოება
შექმნა. მესამე რევოლუციისას, ელექტრონული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით,
პროცესი ავტომატიზირებული გახდა. ახლა კი მეოთხე შენდება, მესამის ფუნდამენტზე, ციფრული
რევოლუცია, რომელიც წინა საუკუნის შუიდან იღებს სათავეს. მის ფარგლებში ერთმანეთს
რამდენიმე ტექნოლოგია ერწყმის და ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის საზღვრებს
აქრობს.
|
|
მომავალი ტრანსფორმაცია, არა მესამე რევოლუციის გახანგრძლივება
ან გაზრდა, არამედ, თავისი სისწრაფით, გაქანებითა და სისტემური ეფექტით, მეოთხე და
ყველაზე გამორჩეული გადატრიალებაა. ტექნოლოგიური გარღვევების ის ტემპი, რომელიც დღეს
კაცობრიობას აქვს, უპრეცედენტოა. წინა ინდუსტრიულ რევოლუციებთან შედარებით, მეოთხე,
წრფივის ნაცვლად ექსპონენციალური სიჩქარით ვითარდება. გარდა ამისა, იგი ყველა ქვეყანაში
ცვლის აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიას. ამ ცვლილებების მოცულობა და სიღრმე, თავის მხრივ,
გარდაქმნის წარმოების, მენეჯმენტისა და მმართველობის სისტემებს.
ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, როდესაც ისინი
უპრეცედენტო გამოთვლითი სიმძლავრით, მეხსიერებითა და მარტივად ხელმისაწვდომი ინფორმაციით
აღჭურვილი მობილური მოწყობილობებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს შესაძლებლობები
კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც დაიხვეწება ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა
ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, ავტონომიური მანქანები, 3D-ბეჭდვა, ნანოტექნოლოგია,
ბიოტექნოლოგია, კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგია და სხვ.
ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად გამოიყენება ჩვენს
რეალობაში. ამის კარგი მაგალითებია თვითმავალი ავტომობილები, დრონები და ვირტუალური
ასისტენტები. AI-ს (Artificial Intelligence — ხელოვნური ინტელექტი) სფეროში შთამბეჭდავი
პროგრესია, კომპიუტერული სიმძლავრისა და მონაცემთა აურაცხელი ბაზების საშუალებით,
პროგრამას შეუძლია შექმნას ახალი მედიკამენტი ან ალგორითმის საშუალებით დაადგინოს,
რა კულტურული ტენდენციები დამკვიდრდება. ციფრული და ბიოლოგიური სამყაროები ერთად
მუშაობენ. ინჟინერები, დიზაინერები და არქიტექტორები სინთეტიკური ბიოლოგიის, 3D-ბეჭდვითი
ტექნოლოგიის, კომპიუტერული დიზაინისა და ნივთიერებათა ინჟინერიის კომბინირებით ცდილობენ
შექმნან ახალი, სიმბიოზური პროდუქტები.
|
|
გამოწვევები და შესაძლებლობები
|
|
წინა რევოლუციების მსგავსად, მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას
აქვს გლობალური დოვლათის გაზრდისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების პოტენციალი.
ტექნოლოგიების დახმარებით ახალი პროდუქტები შეიქმნა, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრება უფრო სასიამოვნო და დინამიური გახადეს. ტაქსის გამოძახება, ავია-ბილეთის
დაჯავშნა, პროდუქტის ყიდვა, გადასახადის გადახდა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა,
თამაში — ამ ყველაფრის გაკეთება ახლა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია.
|
|
სოციალური მედია წარმოქმნის არარეალისტურ მოლოდინებსა
და დეფინიციას პიროვნების წარმატებულობის შესახებ
|
ტექნოლოგიური ინოვაცია ეკონომიკურ
ბარიერებსაც მოსპობს, რაც პროდუქტიულობასა და ხელმისაწვდომობას გაზრდის. ტრანსპორტირებისა
და კომუნიკაციის ღირებულებები შემცირდება, ლოგისტიკისა და გლობალური მომარაგების
ჯაჭვები უფრო ეფექტიანი გახდება, რაც ვაჭრობის ღირებულებას შეამცირებს, გახსნის ახალ
ბაზრებს და გლობალური ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
თუმცა, გარდა პოზიტიური
გავლენისა, ეკონომისტების ერიკ ბრაინჯოლფსონისა და ენდრიუ მაკკაფის აზრით, ახალმა
ინდუსტრიულმა რევოლუციამ, შრომითი ბაზრის გარდაქმნისას, შესაძლოა, უდიდესი ეკონომიკური
უთანასწორობა წარმოშვას. ცოცხალი ძალის ავტომატიზირებული სისტემებით ჩანაცვლებამ,
კაპიტალსა და მუშა ხელის შემოსავალს შორის, შესაძლოა დიდი უფსკრული გააჩინოს. მეორეს
მხრივ კი, ასეთმა ცვლილებამ შეიძლება გაზარდოს უსაფრთხო და მაღალშემოსავლიანი სამუშაო
ადგილების რაოდენობა.
|
ამჟამად სიტუაციის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. ისტორიული
გამოცდილება გვეუბნება, რომ საბოლოოდ ამ ორი სცენარის ერთგვარ კომბინაციას მივიღებთ.
თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომავალში წარმოების წარმატებისთვის კაპიტალზე მეტად ღირებული
ადამიანის ნიჭი გახდეს. ეს ფაქტორი კი, თავისთავად გაზრდის სეგრეგაციას სამუშაო ბაზარზე
— დაბალი კომპეტენციის ადამიანებს ექნებათ დაბალი შემოსავალი, ხოლო მაღალი კომპეტენციის
პირებს, შესაბამისად, მაღალი ანაზღაურება. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია სოციალური
დაძაბულობა.
ეკონომიკური ფაქტორების გარდა, სოციალური უთანასწორობა
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი შემაშფოთებელი ნაწილია. ინოვაციებისგან სარგებელს
ძირითადად ფიზიკური და ინტელექტუალური კაპიტალის პატრონები იღებენ — ინოვატორები,
აქციონერები და ინვესტორები. ეს კი, მათსა და სამუშაო ბაზარზე დამოკიდებულ ფენას
შორის ფინანსურ განსხვავებას ზრდის. მაშასადამე, სწორედ ტექნოლოგიის ბრალია, რომ
მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლის რაოდენობა არ იზრდება და, ხანდახან,
მცირდება კიდეც. გაიზარდა მოთხოვნა მაღალი კომპეტენციის მუშახელზე, ხოლო არასაკმარისი
უნარებისა და განათლების მქონე პირები, სამსახურს და შემოსავალს კარგავენ. ამის მიზეზი
სამუშაო ბაზრის მაღალ და დაბალ დონეებზე — გაზრდილი, ხოლო საშუალო დონეზე — შემცირებული
ან გამქრალი მოთხოვნაა.
ამის გამო, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი და მათი
შვილების ფინანსური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა. ამითვე აიხსნება საშუალო ფენის
გლობალური უკმაყოფილება და მათში გაჩენილი უსამართლობის გრძნობა. "გამარჯვებული
იღებს ყველაფერს" პრინციპზე დაყრდნობილი ეკონომიკა, რომელშიც საშუალო კლასს
ლიმიტირებული წვდომა აქვს დოვლათზე, დემოკრატიისთვის დისკომფორტისა და წარუმატებლობის
მომტანი იქნება.
დაძაბულობის ზრდას ხელს ციფრული ტექნოლოგიები და ინფორმაციის
მიმოცვლის სისწრაფეც შეუწყობს. პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მისაღებად
და გასაცემად, ასევე, ერთმანეთთან კომუნიკაციის ძირითადად საშუალებად, სოციალურ მედიას
იყენებს. იდეალურ სამყაროში ეს ფაქტორი კულტურათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას
გამოიწვევს, მაგრამ ამავდროულად, წარმოქმნის არარეალისტურ მოლოდინებსა და დეფინიციას
პიროვნების წარმატებულობის შესახებ, ასევე ხელს უწყობს ექსტრემისტული იდეებისა და
იდეოლოგიების გავრცელებას.
|
|
ფოტო: Rawpixel.com / Shutterstock
|
|
გავლენა ბიზნესზე
|
|
ბიზნესმენები საუბრობენ იმაზე, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური
გარღვევების ტემპი ხანდახან ზედმეტად მაღალია, ყველაზე კარგად ინფორმირებული და ბევრი
კავშირების მქონდე ადამიანებისთვისაც კი რთულია მისთვის ფეხის აწყობა. ცხადია, რომ
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემოთავაზებულ პირობებს დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე.
ახალი ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლიან სამომხმარებლო
ბაზარს და ახლებური გზებით პასუხობენ ხალხის მოთხოვნას. რომელიმე ინდუსტრიის კარგად
დამკვიდრებული და ბაზრის ლიდერი ბიზნესი შეიძლება უცებ დადგეს სწრაფად განვითარებად,
მაღალხარისხიანი და დაბალფასიანი კონკურენტის წინაშე, რომელიც მას ტექნოლოგიური კვლევების,
განვითარებისა და მარკეტინგის შეუზღუდავი პლატფორმების საშუალებით დაჯაბნის.
|
|
თავისთავად, იცვლება მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნაც.
მზარდი გახსნილობა და კონსუმერთა ჩართულობა კომპანიებს დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქტისა
და სერვისის მყიდველამდე მიტანის ახალი ხერხების შემოღებას აიძულებს.
ამჟამად, ერთ-ერთი მთავარი ტრენდი მოთხოვნა-მიწოდებაზე
დაფუძნებული პლატფორმებია, რომლებმაც, სმარტფონების საშუალებით, ხალხს პროდუქტის
მიღების უმარტივესი გზა შესთავაზეს. მუშახელისთვის პერსონალური და პროფესიული გარემოს
ცვლილებით, ამავე პლატფორმებმა, ბიზნესებსა და კერძო პირებს დოვლათის შექმნისთვის
გარკვეული ბარიერები მოუხსნა. ასეთი ბიზნესები ყველა სფეროში გაჩნდა, იქნება ეს სამრეცხაო
თუ მაღაზია, პარკინგი თუ საყოფაცხოვრებო სერვისი, მასაჟი თუ მოგზაურობა.
|
ინოვაციებისა
და ტენოლოგიური გარღვევების ტემპი ხანდახან ზედმეტად მაღალია
|
საერთო ჯამში, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისას ბიზნესისთვის
ოთხი ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი — მომხმარებლის მოლოდინები, პროდუქტის განვითარება-გაუმჯობესება,
კოლაბორაციული ინოვაციები და ორგანიზაციული ფორმები. ეკონომიკის ეპიცენტრში ახლა
მომხმარებლები არიან და შესაბამისად ბიზნესის განვითარება მათთვის დამაკმაყოფილებელი
სერვისისა და პროდუქტის მიწოდებაზე იქნება დამოკიდებული. ფიზიკური პროდუქტები ციფრული
ტექნოლოგიების დახმარებით უნდა გაუმჯობესდეს, რაც გაზრდის მათ მნიშვნელობას. გლობალური
პლატფორმებისა და სხვა ახალი ბიზნეს მოდელების მომრავლება ნიშნავს იმას, რომ ნიჭი,
ბიზნეს-კულტურა და ორგანიზაციული ფორმატები უნდა გადაიხედოს.
|
|
ეკონომიკის ეპიცენტრში ახლა მომხმარებლები არიან
|
კომპანიებს
მოუწევთ შეცვალონ თავიანთი მეთოდები და ბიზნეს-მოდელი ახალ რეალობას მოარგონ, რომელშიც
პროცესის მარტივი გაციფრულება საკმარისი აღარ არის და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობაა
საჭირო. დასკვნა ერთია: ბიზნესის ლიდერებმა და მათმა მენეჯერებმა უნდა გაიაზრონ,
რომ გარემო იცვლება, ანუ, გადარჩენისა და განვითარებისთვის მუდმივი ინოვაციაა საჭირო.
|
ფოტო: arosoft / Shutterstock
|
|
გავლენა სახელმწიფოზე
|
|
იგივე გამოწვევა დგას სახელმწიფოს წინაშეც. ახალი ტექნოლოგიების
გამოყენებით, მოქალაქეები უფრო ჩართულები არიან სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ადვილად
და ღიად გამოხატავენ თავიანთ აზრს, მოქმედებენ კოორდინირებულად და ცდილობენ მთავრობების
აქტიურად გაკონტროლებას. ამავდროულად, თავად სახელმწიფო სტრუქტურებს უჩნდებათ მოქალაქეთა
კონტროლის ახალი გზები, რაც თვალთვალისა და ციფრული მედიუმების ხელმისაწვდომობით
მიიღწევა. თუმცა, საბოლოოდ, საზოგადოება უფრო აქტიურად შეუტევს მთავრობას და აიძულებს,
შეცვალოს მიდგომები სამოქალაქო ჩართულობასა და ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებთან
მიმართებაში. არსებული რეალობა გარდაუვალს გახდის ძალაუფლების დეცენტრალიზაციას.
სახელმწიფო სტრუქტურების გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხს
მათი ადაპტირების უნარი განსაზღვრავს. თუ ისინი შეძლებენ ფეხი აუწყონ სწრაფად განვითარებად
სამყაროს, გახადონ მათი სტრუქტურები უფრო გამჭვირვალე და სასარგებლო, მაშინ გადარჩებიან.
თუ ვერ განვითარდებიან — დამარცხდებიან და ბევრ პრობლემას შეეჩეხებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულაციების ნაწილი. დღევანდელი
საჯარო სამსახურის სისტემა მეორე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებზეა აწყობილი, როცა
პოლიტიკოსებს ბევრი დრო ჰქონდათ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, გამოსაკვლევად
და შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. ახლანდელი ტემპი კი მათ ყოველდღიურად ახალ
გამოწვევას სთავაზობს და ჯერ-ჯერობთი სახელმწიფო ვერ ახერხებს აჰყვეს ამ პროცესს.
|
|
მაგრამ აქ ჩნდება კითხვა — თუ იქნება სახელმწიფო რეგულაციები,
როგორ დაიცავენ ისინი მოქალაქეთა ინტერესებს და როგორ შეუწყობენ ხელს ტექნოლოგიურ
განვითარებას? სწორი პოლიტიკის წარმართვით. როდესაც სახელმწიფო აწესებს რეგულაციებს,
მან უნდა იცოდეს, რას არეგულირებს. უნდა იყოს გარკვეული საზოგადოების მოთხოვნებში
და ზუსტად ისე, როგორც ბიზნესი პასუხობს მომხმარებლისა და ბაზრის მოთხოვნას, მანაც
უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობა.
მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას უდიდესი გავლენა ექნება
ნაციონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, რადგან შეიცვლება კონფლიქტების ხერხები
და გზები. ომისა და სამხედრო დაპირისპირებების ისტორია ტექნოლოგიური განვითარების
ისტორიაა და არც დღევანდელობაა გამონაკლისი. თანამედროვე კონფლიქტები ბრძოლის ველებს
გასცდა. განსხვავება ომსა და მშვიდობას, სამხედრო მოქმედებასა და გაყინულ ომებს,
ძალადობასა და არაძალადობას შორის უკვე ბუნდოვანია — ეს კიბერ-ომია.
|
დღევანდელი
საჯარო სამსახურის სისტემა მეორე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებზეა აწყობილი
|
ტექნოლოგიურ განვითარებას მოაქვს ის, რომ ავტომატურად
მოქმედი, მასობრივი განადგურების ან ბიოლოგიური იარაღები ადვილად გამოყენებადი ხდება
და სახელმწიფოს გარდა, მათზე პატარა ჯგუფებსა და კერძო პირებსაც კი შეიძლება მიუწვდებოდეთ
ხელი. ეს ახალი საფრთხეები წარმოშობს ახალ შიშებს. თუმცა, ამავდროულად, იმავე ტექნოლოგიური
წინსვლის საშუალებით, ძალადობის შემცირება და უსაფრთხოების გაზრდა უფრო მარტივი გახდება.
|
|
ფოტო: View Apart / Shutterstock
|
|
გავლენა ხალხზე
|
|
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია შეცვლის არა მარტო იმას,
თუ რას ვაკეთებთ, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ. ის გავლენას იქონიებს ჩვენს იდენტობაზე.
მაგალითად, პრივატულობის, საკუთრების, პროდუქტების მოხმარების აღქმაზე; იმაზე, თუ
რამდენ დროს ვუთმობთ გართობას და რამდენს — მუშაობას, როგორ განვავითარებთ ჩვენს
კარიერას, ავითვისებთ ახალ უნარებს, როგორ შევხვდებით და გავიცნობთ ახალ ადამიანებს,
როგორი იქნება ჩვენი პირადი ურთიერთობები. ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულობამდე
შეიძლება, რადგან ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რეალურია.
რამდენად შევძლებთ შეინარჩუნოთ ადამიანური თვისებები
— ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას. შეგვეძლება თუ არა
თანამშრომლობა და გვექნება თუ არა ემპათიის უნარი. მუდმივმა კავშირმა, რომელიც ტექნოლოგიური
მედიუმების საშუალებით გვაქვს, შეიძლება ჩაანაცვლოს და შეამციროს რეალურ სივრცეში
ურთიერთობები.
ყველაზე დიდი გამოწვევა კი მაინც პრივატულობაა. ჩვენ
ინსტინქტის დონეზე გვესმის, რომ ყველაფერი არ უნდა გავაზიაროთ და არ უნდა გამოვფინოთ
საჯარო სივრცეებში. ამ თემაზე კამათი და დებატი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში,
რა რაოდენობის ინფორმაციის გაზიარებაა მისაღები ან ზედმეტი, როგორ დავიცვათ ჩვენი
პირადი სივრცე და ა.შ.
ამავე დროს, ბიოტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის
განვითარების პირობებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შესაძლებლობები, ჯანმრთელობა, ფსიქიკა,
თითქმის ყველაფერი იცვლება და შესაბამისად, ჩვენი ეთიკური და მორალური საზღვრების
გადახედვაც მოგვიწევს.
|
|
მომავლის ფორმირება
|
|
ტექნოლოგიურ განვითარებასა და მის შედეგებს მთლიანად
ადამიანები აკონტროლებენ. ჩვენი, როგორც მომხმარებლების, მოქალაქეებისა და ინვესტორების
გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ევოლუციის მიმართულებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ
ამ შესაძლებლობითა და ძალით და წარვმართოთ ინდუსტრიული რევოლუცია ისე, როგორც ყველა
ჩვენგანისთვის იქნება სასარგებლო.
ამისათვის კი, იმ პროცესების გლობალური და ერთიანი აღქმა
გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ადამიანურ გარემოს
აყალიბებს. შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მოცულობა არასოდეს ყოფილა ამხელა.
თუმცა, პროცესების სათავეებთან მდგარი ადამიანები, ხშირად ხდებიან ტრადიციული, სწორხაზოვანი
აზროვნების ტყვეები და უჭირთ სტრატეგიულად ფიქრი მომავალზე.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ადამიანებსა და ღირებულებებამდე
დადის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება,
ეს რომ მოხდეს, პრიორიტეტად ადამიანი და მისი სიძლიერე უნდა იქცეს. მეოთხე ინდუსტრიულმა
რევოლუციამ შეიძლება ადამიანის "რობოტიზების" საფრთხე წარმოქმნას, მაგრამ
მას ასევე შეუძლია წინ ადამიანის საუკეთესო თვისებები წამოწიოს და კაცობრიობა ახალ,
საერთო და მორალურ ცნობიერებაზე დაფუძნებულ ორგანიზმად აქციოს.
წყარო: ონ.გე |
|
ავტორი:
კლაუს შვაბი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი
დირექტორი.
|
Comments
Post a Comment