„დღიურების კონკურსი“ 2015 პირველ ადილზე გასული ნამუშევარი
გაერთობა!...
ინგლისურის მასწავლებელთან მივდიოდი. კოკისპირულად წვიმდა. როგორც იქნა, სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა. ხელის აწევა ვერც მოვასწარი, ტაქსი ჩემ წინ გაჩერდა. იქიდან სქელი, წითური, დონდლო ბიჭი მოუხერხებლად ჩამოვიდა.იქვე მდგომს ფეხი დამაბიჯა. ბოდიშის მსგავსი რაღაც ჩაიბურტყუნა და წავიდა. ბედი არ გინდა?! გაბრაზებული ავედი ტრანსპორტში,თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი და ტალახით დასვრილ ახალ ბოტასებზე დავიხედე. ძირს რაღაც სქელი რვეული ეგდო. ალბათ იმ „სქელოს“ დაუვარდა. რვეული ავიღე . კონსპექტი იქნება,-გავიფიქრე და გადავშალე. ხელში დღიური შემრჩა. რა ვქნა,წავიკითხო თუ არა? წავიკითხავ, ალბათ სულ ჰამბურგერებზე წერს:
11 ოქტომბერი, კვირა
დასვენების დღეა, ესე იგი ნიკუშას დღის ცენტრში არ წაიყვანენ. მთელი დღე ოთახებში უნდა აჭრიალოს ეტლი და იღმუვლოს. იქნებ ეზოში ჩავიყვანო და ვასეირნო, მაგრამ რა გაუძლებს ეზოს ბიჭების დამცინავ ღიმილს და ნიკუშასათვის დორბლიანო, დორბლიანოს ძახილს?! ეჰ, რა ქნას, ის ხომ ასეთი დაიბადა! მგონი ჯობია, ის აბეზარი,გულცივი ბიჭები კარგად მივბეგვო , მერე ვეღარ გაბედავენ ხმის ამოღებას!
ნიკუშას გავასეირნებ...
გაერთობა!
12 ოქტომბერი, ორშაბათი
დღეს რუსულში საკონტროლო მაქვს. მეცადინეობა ვერ მოვასწარი,ნიკუშას გართობას მოვუნდი.ისეთი მოწყენილი იყო, გული მომიკვდა. რა უნდა მექნა? თუ ელენე არ გადამაწერინებს საკონტროლოს, ნაწნავებს დავაჭრი! დღეს ბუფეტშიც არ ჩავალ.
იმ ფულით ნიკუშას ჰელიუმით გაბერილ ბუშტს ვუყიდი...
გაერთობა!
13 ოქტომბერი, სამშაბათი
დღეს სკოლის ეზოში მაგარი ჩხუბი იყო. მეშვიდეკლასელებთან ვიჩხუბეთ. მიზეზი ხეირიანად არც ვიცი. ბიჭები სხვა დროს ახლოს არ მიკარებენ ,ჩხუბისას კი მეძახინ! აბა, არ დავეხმარო? ძალინ მოვინდომე. გიორგაძეს თავზე რვა ნაკერი დაადეს, ტვინის შერყევაც აქვსო,- ამბობენ. ყველამ მე დამადო ხელი, ხვალ მშობელს იბარებენ სკოლაში. საღამოს ალბათ იმდენი მომხვდება მამაჩემისგან, რომ გიორგაძის გვერდით მომიწევს საავადმყოფოში წოლა!
უი, ნიკუშას დღეს მატარებლის ლიანდაგი უნდა ავუწყო, გუშინ შევპირდი, ითამაშებს...
გაერთობა!
14 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღეს სკოლაში არ მივდივარ. მამაჩემმა ქამრით მცემა. ეგ არაფერი, მიჩვეული ვარ, მაგრამ ნიკუშას ძალიან შეეშინდა და შეტევა დაეწყო. ღამით დედამ სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვდარდობ.ნიკუშა უჩემოდ მოიწყენს, ვინ გაართობს?
15 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დღეს სპორტის მასწავლებელმა მოედნიდან გამაგდო, გადი ,შე ბოჩკა, ვინმე არ გასრისოო. მაგრად დავიბოღმე. ვიცი მანქანას სადაც აჩერებს, ერთი კენჭი და შინ უკანა შუშის გარეშე წავა,მაგრამ...
გაკვეთილების შემდეგ ნიკუშას სანახავად მივდივარ საავადმყოფოში. ძალიან მომენატრა...რომ მნახავს, გაუხარდება...გაერთობა!
დღიური დავხურე და ჩანთაში ჩავიდე და დავფიქრდი. ჩემს გაჩერებას დიდი ხანია გავცდი. მგონი, ვიცი,ის წითური დონდლო ბიჭი რომელ სკოლაშიც სწავლობს. ისე, კაცმა რომ თქვას, არც ისეთი წითური და დონდლოა , როგორც თავიდან მომეჩვენა.
შევეცადე, ბიჭის სახე აღმედგინა მეხსიერებაში. თვალწინ დამიდგა უნარშეზღუდული ძმის ეტლთაან მზრუნველად დახრილი ოდნავ პუტკუნა, სახენათელი ბიჭი, სევდიანი თვალებით ... უნდა მოვძებნო!.. რატომ?... ჯერ არ ვიცი... ან შეიძლება ვიცი... რა თქმა უნდა, ვიცი...ის კარგი ადამიანია! უნდა მოვძებნო!..დავმეგობრდებით..
ნიკუშასაც ერთად გავასეირნებთ ხოლმე...გაერთობა!
I ადგილი
ნუცა ბაგაშვილი
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა. VIII კლასი
წყარო -->
ბედნიერებაა ასეთი ნიჭიერი ბავშვები რომ გვყავს, ცრემლი მომადგა.
ReplyDelete