ბავშვთა პორნოგრაფია, გავლენა და შედეგები — რა უნდა ვიცოდეთ

მასალის ორიგინალი ნახეთ აქ   (ასლის გამოქვეყნება შეთანხმებულია)



რა ხდება?

საქართველოში ბავშვთა ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიის ბრალდებით მშობლები და ახლობლები დააკავეს, სულ 11 პირი. 8-დან 14 წლამდე არასრულწლოვნებს თვეების განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სტუდიაში მშობლების ნებართვით პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოსა და ვიდეოებს უღებდნენ. სანაცვლოდ კი 500-დან 3 000 ლარამდე თანხას იღებდნენ. დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა ემუქრებათ. სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვები კი ფსიქოლოგიური დახმარების მიღების მიზნით სპეციალურ სამსახურთან გადაამისამართეს.
ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გახსნილი საქმეების მიღმა ბევრი პრობლემა იყრის თავს. რთულია, იმის გააზრება, რამდენად მძიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სახის სექსუალურ ექსპლუატაციას ბავშვების ფსიქოლოგიაზე და მის განვითარებაზე. ამ დროს მთავარი პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფოს ისე ოჯახს და საზოგადოებას ეკისრება. პრევენციისთვის კი ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ცნობები და ფსიქოლოგის რეკომენდაციები სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება იყოს.
სტატია მომზადებულია ბავშვთა ფსიქოლოგის, ქეთევან თავართქილაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რა მიიჩნევა ბავშვთა პორნოგრაფიად?

ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვთა პორნოგრაფიას ასე განმარტავს: "ბავშვთა პორნოგრაფია ნიშნავს ბავშვის, რომელიც ასრულებს რეალურ, ან სიმულირებულ აშკარა სექსუალური ხასიათის მოქმედებას, გამოსახვას ნებისმიერი საშუალებით ან ნებისმიერი სახით, ან ბავშვის სასქესო ორგანოების ნებისმიერი ფორმით გამოსახვას, ძირითადად სექსუალური მიზნებისათვის".
ბავშვთა პორნოგრაფია მოიცავს ფოტოსურათებს, თვალსაჩინო და აუდიო წარმოდგენას, წერილობით აღწერას, მოთხრობებს, დაწერილ პასაჟებს, ანიმაციებს და სხვა. ის შეიძლება ვრცელდებოდეს ჟურნალების, წიგნების, ნახატების, ფილმების, ვიდეოკასეტების, მობილური ტელეფონების და კომპიუტერული დისკების ან ფაილების მეშვეობით.
ბავშვთა პორნოგრაფია დღეს მოიხსენიება როგორც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა. პროფესიონალთა დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ამ სახელწოდებას ანიჭებს, რადგან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა შეიძლება იყოს ტექსტები, გამოსახულებები, სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩართული ბავშვების აუდიო და ვიდეოჩანაწერები, ბავშვის სასქესო ორგანოების გამოსახულებები ან ბავშვის იმიტირებული გამოსახულებები, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით შექმნილი მასალა.
ტერმინი "მასალა" ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე მხოლოდ პორნოგრაფია და მოიცავს ტექსტებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და მულტფილმებსაც კი. პროფესიონალთა აზრით, ტერმინის "ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სცენების შემცველი მასალა" გამოყენება უმჯობესია იმიტომაც, რომ ტერმინი "პორნოგრაფია" შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ბავშვები თავად თანხმდებიან მონაწილეობა მიიღონ ძალადობის სერიოზულ სცენებში, რომელთა დემონსტრირებაც ხდება.
არსებობს ბავშვთა პორნოგრაფიის 2 ძირითადი კატეგორია:
  • "ვუალიზებული (შენიღბული) პორნოგრაფია" — სექსუალურ ურთიერთობებს არ გამოსახავს, მაგრამ იყენებს ბავშვების გაშიშვლებულ და მაცდუნებელ გამოსახულებებს;
  • "ღია პორნოგრაფია" — ღიად ასახავს სექსუალურ ურთიერთობებში ჩართულ ბავშვებს.
ბავშვების გამოყენება ნებისმიერი სახის პორნოგრაფიის წარმოებაში სექსუალურ ექსპლუატაციად ითვლება.
ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი პროდუქცია მანამდეც არსებობდა, სანამ ინტერნეტი პოპულარული გახდებოდა. თუმცა, 90-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიო ელექტრონული ქსელის შექმნამ და გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბავშვთა პორნოგრაფიასთან, მის წარმოებასთან, გავრცელებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის ზრდას.
2000 წლისათვის პოლიციამ რიგ ქვეყნებში დააკავა ადამიანები, რომლებსაც დაგროვებული ჰქონდათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ათასობით გამოსახულება.
დღესდღეობით ინტერნეტში არსებობს სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი ათობით ათასი ბავშვის ერთ მილიონზე მეტი გამოსახულება. ცნობილია, რომ 2000-2011 წლების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის მოცულობა, რომელიც ქსელში ბრუნავს, პოლიცია ადგენს ბავშვების სულ უფრო მეტ რაოდენობას, რომლებიც ადრე არ ფიგურირებდნენ მათ მონაცემთა ბაზებში. ამას გარდა, იზრდება ბავშვის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობის შემცველი გამოსახულებებისა და ძალიან პატარა ბავშვების გამოსახულებების რაოდენობა.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი გამოსახულებების წარმოება და გავრცელება მსხვილ დანაშაულებრივ ბიზნესია, რომლის ღირებულება წელიწადში მილიარდობით დოლარია. ამ ბიზნესის ყოველწლიური მოცულობა დაახლოებით 3-დან 20 მილიარდი დოლარიას (ეს რიცხვი მოყვანილია აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით).
იმავე მონაცემებით, აღნიშნული მასალის 55% იქმნება აშშ-ში, ხოლო 23% — რუსეთში, დანარჩენი — სხვა ქვეყნებში. ამასთან, აშშ და რუსეთი ის ძირითადი ქვეყნებია, სადაც ამგვარი საიტები იქმნება. "უფასო წვდომის" საიტების უმრავლესობა გამოვლენილი იქნა ინტერნეტ-პროვაიდერებთან რუსეთში, აშშ-ში, ესპანეთში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი დიდი რაოდენობის მასალა ასევე ვრცელდება ვიდეო-ფორმატით ადგილობრივ ბაზრებზე.

ვინ შეიძლება გახდეს ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლი?

"ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი!"
ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი! ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან დიდ დროს ატარებენ ქუჩაში, ან იძულებით ეწევიან პროსტიტუციას, ან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ბავშვები მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ამ ჯგუფში ასევე შედიან ბავშვები დისფუნქციური და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან. პორნოდამნაშავეთათვის გაცილებით ადვილია პატარა ბავშვებთან მუშაობა. პატარებს მაინცდამაინც არ ესმით მუშაობის დანიშნულება, ისინი ხშირად სათამაშოებით პოზირებენ.

როგორ ხდება პორნოგრაფიის მეშვეობით ბავშვების ექსპლუატაცია?

პორნოგრაფიის მეშვეობით ბავშვთა ექსპლუატაცია მრავალი საშუალებით ხდება. პორნოგრაფიის საწარმოებლად, ბავშვები შეიძლება მოატყუონ ან აიძულონ სექსუალური ქმედებები განახორციელონ, ან გამოსახულებები შეიძლება გაკეთებული იყოს ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის პროცესში, მისი ინფორმირების გარეშე. ამგვარი გამოსახულებები შემდგომში ვრცელდება, იყიდება ან რაიმეზე იცვლება.
ამას გარდა, ისინი, ვინც იყენებენ და/ან ფლობენ ბავშვების პორნოგრაფიულ გამოსახულებებს, ამ ბავშვების ექსპლუატაციას აგრძელებენ. ასევე, ჩვეულებრივ, პორნოგრაფიის შემქმნელები თავიანთ პროდუქციას ამგვარი მასალის შექმნაში მონაწილე ბავშვების იძულების, დაშინების ან დაშანტაჟებისთვის იყენებენ

რა გავლენას ახდენს ბავშვსა და მის განვითარებაზე პორნოგრაფიასა და ტრეფიკინგში ჩართა?

შეიძლება ითქვას, რომ პორნოიდუსტრიაში ბავშვების მონაწილეობის შედეგები სავალალოა. კლინიკურ დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც პორნოფილმებში მონაწილეობდნენ, საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც ნივთს, უსულო საგანს, რომლის გაყიდვა შეიძლება. პორნოგრაფიაში ჩათრეული ბავშვები შემდგომში ხშირად ცვლიან ამ საქმიანობას ნარკოტიკებით, პროსტიტუციით. მოწიფულ ასაკში მათ ხშირად აქვთ სექსუალური პრობლემები; და რაც ყველაზე უარესია, ბავშვები, რომლებმაც სექსუალური ექსპლუატაცია განიცადეს, მოზრდილობაში ხშირად იგივეს აკეთებენ სხვა ბავშვებთან.
"ბავშვები, რომლებმაც სექსუალური ექსპლუატაცია განიცადეს, მოზრდილობაში ხშირად იგივეს აკეთებენ სხვა ბავშვებთან"
მსგავსი ტიპის სექსუალური ექსპლუატაცია არღვევს ბავშვის უფლებებს, დატკბეს თავისი ბავშვობით და სასარგებლო, სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. ბავშვთა ექსპლუატაციას შეიძლება სერიოზული, მტანჯველი შედეგები მოჰყვეს ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების მხრივ. ეს შედეგები, შემდგომ, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნდეს, ზოგჯერ კი სიცოცხლისთვის სახიფათოც იყოს. ჩვეულებრივ, ფსიქოლოგიური შედეგები ბავშვს მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე თან სდევს. იმ შემთხვევებში, როდესაც ინტერნეტში გავრცელებული და შენახულია ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი გამოსახულებები, მაგალითად, ფოტოები, ვიდეორგოლები, მათი შემთხვევით ნახვის შესაძლებლობა ან სულაც ცოდნა, რომ ამგვარი შესაძლებლობა არსებობს და ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანსთვის დროის განუსაზღვრელ პერიოდში, ბავშვისთვის მუდმივი სტრესის პირობაა.
"ბავშვები, რომლებმაც ამ ფორმის ექსპლუატაცია განიცადეს, როგორც წესი, საუბრობენ სირცხვილის, დანაშაულის, თვითპატივისცემის დაკარგვის განცდებზე, განიცდიან სტიგმას ან იმის ცოდნას, რომ მათ უღალატა ვიღაცამ, ვისაც ენდობოდნენ"
ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია და მათზე ზრუნვა რთული და ძნელი პროცესია. ბავშვები, რომლებმაც ამ ფორმის ექსპლუატაცია განიცადეს, როგორც წესი, საუბრობენ სირცხვილის, დანაშაულის, თვითპატივისცემის დაკარგვის განცდებზე. განიცდიან სტიგმას ან იმის ცოდნას, რომ მათ უღალატა ვიღაცამ, ვისაც ენდობოდნენ. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სტანჯავდეს კოშმარები, უძილობა, დეპრესია, უიმედობის შეგრძნება.

ვინ მონაწილეობს ინტერნეტით ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებასა და გავრცელებაში?

ბავშვთა პორნოგრაფიაში ხშირად მაფია, მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატები არიან ჩართულები. თუმცა დღესდღეობით ახალი სერიოზული საფრთხის წყაროდ იქცა რევოლუცია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ციფრული ფოტო და ვიდეოკამერების, კომპიუტერების, სკანერების, სხვა აპარატურისა და კავშირის საშუალებათა გაიაფება, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის კატასტროფული ზრდა ბავშვთა პორნოგრაფიის ფართოდ გავრცელებისათვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, როგორიცაა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპა და დსთ-ს ქვეყნები, ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებასა და გავრცელებაში.
"როდესაც გამომძიებლები ახერხებენ იმ ბავშვების მიგნებას, რომელთა გამოსახულებები გამოყენებულია პორნოგრაფიულ პროდუქციაში, მათი ექსპლუატატორი ყველაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ოჯახის წევრი ან ბავშვის ოჯახის ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ — მეურვე"
გარდა ამისა, როდესაც გამომძიებლები ახერხებენ იმ ბავშვების მიგნებას, რომელთა გამოსახულებები გამოყენებულია პორნოგრაფიულ პროდუქციაში, მათი ექსპლუატატორი ყველაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ოჯახის წევრი ან ბავშვის ოჯახის ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ — მეურვე.

როგორ მოქმედებს ინტერნეტმოძალადე?

სქემა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტმოძალადეები ახალი მსხვერპლის ძიებისას მოქმედებენ, მარტივია. დამნაშავეები შედიან საბავშვო ონლაინფორუმებზე, იქ ეცნობიან ბავშვებს. ცოტა ხნის საუბრისა და ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვების შემდეგ დამნაშავე "რეალში" შეხვედრაზე უთანხმდება ბავშვს — საბაბი, აბსოლუტურად, სხვადასხვა შეიძლება იყოს.
"მსხვერპლის" სტიმულირებისათვის სთავაზობენ ფულს ან სხვა ჯილდოს. ამ ანკესზე განსაკუთრებით იოლად ეგებიან ბავშვები ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან და მოზარდები, რომელთაც "ჯიბის ფული" არ ჰყოფნით. ზოგჯერ საზღაურად ნარკოტიკებს სთავაზობენ. როცა ბავშვი "მახეში გაებმება", — ხდება შეხვედრა "რეალში" და ფოტოვიდეოგადაღება.
ამას გარდა, დამნაშავის მსხვერპლად ბავშვი შეიძლება ვებკამერის მეშვეობით იქცეს. მაგალითად, Yahoo!-ს რამდენიმე ჩატი იმის გამო დაიხურა, რომ მათ აქტიურად იყენებდნენ პედოფილები. ვებკამერის მეშვეობით ისინი მოზარდებს ჩატებში თავიანთ ფოტოებს უგზავნიდნენ, რომლებზეც შიშვლები იყვნენ გადაღებულნი.


როგორ შეიძლება ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლა?

შვედეთში ინტერნეტმომხმარებელთა ჯგუფმა შექმნა ქსელურ პორნოგრაფიასთან ბრძოლის ორგანიზაცია. სპეციალურად ამისათვის მათ შექმნეს საიტი www.getsomerial.com, რომელზეც მოუწოდეს თავიანთ სტუმრებს შეექმნათ ინტერნეტში ფიქტიური პორნოგვერდები მაპროვოცირებელი სახელწოდებებით, როგორც, მაგალითად, www.getsomerial.com, www.hot-girlshugary.com და ა.შ. სინამდვილეში ამ საიტებზე პორნოგრაფია არ არის. პირიქით, ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს მასალები, რომლებშიც არცხვენენ საიტზე ბავშვთა პორნოგრაფიისათვის (და არა მარტო ბავშვთა) შემოსულ ადამიანებს. საიტის ავტორთა თქმით, "მთავარი მიზანია – აიძულონ პორნოს მოყვარულები გაიგონ, რომ მათ მცდარი გზა აირჩიეს".
იმისათვის, რომ სქემამ იმუშაოს, საიტის ადმინისტრატორებმა ფიქტიური გვერდები განათავსეს მსხვილ საძიებო სისტემებში, მაგალითად, Yahoo-ში. საქმე იმაშია, რომ ქსელური გახრწნილების მოყვარულები მათთვის საინტერესო საიტებს ეძებენ "სიტყვა-გასაღებებით" (მაგალითად, "მოსწავლეები", "18 წლამდე გოგონები").
თუმცა, ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლა ყოველთვის ასეთი მშვიდობიანი გზებით არ მიმდინარეობს. მაგალითად, ხორვატიაში ჩატარდა ფართომასშტაბური საპოლიციო აქცია "განსაწმენდელი". ის ქვეყანაში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელის ლიკვიდაციისაკენ იყო მიმართული. ხორვატმა სამართალდამცავებმა 50 სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც, როგორც ვარაუდობდნენ, პორნოგრაფიული პროდუქცია უნდა ყოფილიყო. კონფისკაცია გაუკეთდა 50 კომპიუტერს, 3 ათასზე მეტ კომპაქდისკს, თითქმის 1,5 ათას დისკეტას, 150-ზე მეტ ვიდეოკასეტას.
ეს იყო ევროპაში ჩატარებული ყველაზე მსხვილი აქცია. მისი ჩატარების საბაბი იმ ბავშვების აღმოჩენა გახდა, რომლებსაც გადაღებებისათვის იყენებდნენ.
უკანასკნელი 5 წლის მანძილზე შემუშავდა და განხორციელდა ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან ბრძოლის ასობით პროგრამა. ინფორმაციული ბაზა მნიშვნელოვნად გამდიდრდა, თანამშრომლობა გაფართოვდა.
ქვეყნის მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდი და გაეროს სხვა ინსტიტუტები შეთანხმდნენ გლობალურ თანამშრომლობაზე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოქმედების გეგმა გულისხმობს კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას, აღმკვეთ ღონისძიებათა გაძლიერებას, დაცვის როლის გაზრდას, დაზარალებულთა რეაბილიტაციაზე ზრუნვას, აგრეთვე ამ ბრძოლაში ახალგაზრდობის ჩართვას.
ბევრ ქვეყანაში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული ეფექტური კანონმდებლობა აქამდე არ არსებობს. ამგვარი იურიდიული ვაკუუმი სახიფათო ცარიელ ადგილს ქმნის, რაც დაუსჯელობის ფაქტორით ძლიერდება და ბავშვებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს. ამასთან, ყოველ ქვეყანაში, სექსუალურ ურთიერთობებზე თანხმობის ასაკის მისეული განსაზღვრა არსებობს. ბევრ ქვეყანაში ეს ასაკი განსხვავდება ბავშვთა პორნოგრაფიის კანონმდებლობაში მითითებული ასაკისგან, რამაც, შესაძლოა, ბავშვთა პორნოგრაფიის კანონმდებლობის გამოყენებაში სიძნელეები წარმოქმნას.


რა უნდა გავაკეთოთ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის პრევენციისთვის?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:

დააყენეთ კომპიუტერზე შემზღუდავი ფილტრები, რომლებიც გარკვეულ ვებგვერდებს ჩაკეტავენ (ეს აუცილებლად გააკეთეთ, თუკი ბავშვი ხშირად რჩება სახლში მარტო, მეთვალყურეობის გარეშე). რეკლამის, საინტერესო, ეფექტური თამაშების, პუბლიკის გასართობად გათვალისწინებული უფასო სიამოვნებების წყალობით ბავშვი შეიძლება ისეთ საიტებზე მოხვდეს, რომლებიც მისი ასაკისათვის მიუწვდომელი უნდა იყოს.
კომპიუტერი საერთო ოთახში ან ისეთ ადგილას დადგით, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება. ბავშვები, რომლებსაც კომპიუტერი თავიანთ ოთახში უდგათ, უმეტესად უმეთვალყურეოდ რჩებიან.
რამდენიმე საათი დახარჯეთ, რათა ინტერნეტს გაეცნოთ. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ ინტერნეტის შესახებ, მით უკეთეს არჩევანს გააკეთებთ თქვენი ბავშვებისათვის.
არასოდეს მისცეთ ბავშვს ინტერნეტში უცნობებთან კომუნიკაციის უფლება. აუკრძალეთ ბავშვს ინტერნეტში უცნობებისათვის სახელის, მისამართის, სკოლის, ტელეფონის ნომრის მიცემა.
ასწავლეთ ბავშვებს ყველაფერი, რაც რისკსა და საფრთხეს ეხება: "ზოგიერთ ბავშვს, რომლებიც ინტერნეტში უცნობებს ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნათ".
შეაქეთ ინტერნეტით სწორად სარგებლობისთვის: "შენ ინტერნეტი თემის დასაწერად გამოიყენე. მე მიხარია, რომ შენი ნდობა შემიძლია, რომ შენ საკმაოდ გონიერი ხარ და ზედმეტ რისკს აირიდებ".
თუ ბავშვს აღიზიანებს თქვენი სიფრთხილე და ის ამტკიცებს, რომ ინტერნეტში თამაშში საშიში არაფერია, უფრო მეტი რამ მოუყევით კონკრეტული შემთხვევებისა და იმის შესახებ, თუ რა საშიშროებაა მოსალოდნელი: "თუკი ვინმე უცნობი კარზე დაგვიკაკუნებს და მოუნდება შენთან განმარტოებით საუბარი, მივცემ მე მას ამის უფლებას? ცხადია, არა. ინტერნეტით შემოსულ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ შენი პიროვნება. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ან ფული გამოგტყუონ, ან გაიძულონ, რომ მათ დაუჯერო”.

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ:

  • "მე არ მინდა, რომ შენ ინტერნეტში შეხვიდე. ეს სახიფათოა".
ბევრი რამაა სახიფათო, თუ არასწორად გამოვიყენებთ. ინტერნეტი ხომ ინფორმაციის საოცარი წყაროა. გარდა ამისა, როცა ბავშვი წამოიზრდება, ის მეტნაკლებად გარკვეული უნდა იყოს ინტერნეტსა და კომპიუტერში. აუხსენით ბავშვს, რა საშიშროებები შეიძლება იყოს; აუცილებლობის შემთხვევაში თვალყური ადევნეთ, როგორ სარგებლობს კომპიუტერით, მაგრამ ნუ აუკრძალავთ ინტერნეტით სარგებლობას.
  • "გამოდი შენი ოთახიდან. შენ უკვე რამდენიმე საათია, კომპიუტერთან ზიხარ".
თქვენ ის მთელი ამ დროის განმავლობაში უმეთვალყურეოდ დატოვეთ? იგივე წარმატებით შეგიძლიათ დაუშვათ ბავშვთან ერთად ოთახში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებმაც იგი შეიძლება თავიანთი პათოლოგიური ინტერესებისათვის გამოიყენონ.
  • "ნუთუ, ორი საათი არ გეყო ინტერნეტისათვის?"
თქვენ ბავშვს ცუდად აკონტროლებთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი აკრძალულ საიტებზე არ შედის, მას შეიძლება ჩვევად გადაექცეს კომპიუტერთან ჯდომა. ეს კი, თავის მხრივ, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის (დიდხანს მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა, გამოსხივება, მხედველობის პრობლემები, რომ არაფერი ვთქვათ, კომპიუტერისადმი "ნარკოტიკულ" დამოკიდებულებაზე ) ძალზე საზიანოა.

კიდევ რის გაკეთება შეიძლება:

ასწავლეთ ბავშვებს ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესები:
  • ბავშვთან თქვენი დამოკიდებულება ურთიერთნდობაზე ააგეთ;
  • ასწავლეთ საღი აზრი, კრიტიკული აზროვნება, "არა"-ს თქმა, მტკიცე მსჯელობები;
  • თუ ეჭვობთ, რომ ბავშვმა ინტერნეტის მეშვეობით სექსუალური ხასიათის საეჭვო წინადადება მიიღო, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს.






Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე