-->

10 ციფრული უნარ-ჩვევა, რომელთა შესწავლა ნამდვილად ღირს პედაგოგებისთვის (მეორე ნაწილი)


გახსოვთ ალბათ, წინა პოსტში შეგპირდით მომეთხრო პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი 10 უნარჩვევის შესახებ. ახლა კი გთავაზობთ იმ პოსტის მეორე ნაწილს

თავიდან უბრალოდ ჩამოვთვლი პირველ 5 უნარჩვევას, რომელებიც უკვე აღვწერე

1. საოფისე პროგრამებთან მუშაობა (ტექსტები, ელექტრონული ცხრილები, პრეზენტაციები);

2. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება;

3. ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა

4. ფაილები ღრუბლებში

5. ბლოგზე მუშაობა


 6. ალბათ აქ რეგისტრაციები უნდა იყოს

არავისთვის სიახლე არ არის, რომ დღეს ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში — ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. ლოგიკურია რომ მოსწავლე, რომელიც დღეს პირველ კლასში სწავლობს, 12 წლის შემდეგ — 2030 წელს ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები სჭირდება და არა პასტა და 48 ფურცლიან რვეულში წერის უნარი. ასეთი უნარების განვითარება კი მხოლოდ ისეთ პედაგოგს შეუძლია, რომელიც პირველ რიგში თვითონ ფლობს ფიცრული მოქალაქისთვის დამახასიათებელ უნარებს.

დღეისთვის სულ უფრო ხშირად არის საჭირო სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებზე რეგისტრაცია, ამა თუ იმ კონფერენციაზე, გამოცდაზე, ვაკანსიაზე, ფოსტაზე თუ სოციალურ ქსელებში. ზოგიერთი საიტის სერვისები მხოლოდ რეგიტრირებული მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი (მაგალითად, www.facebook.com). სხვა ვარიანტში კი რეგისტრირებულ მომხმარებლებს კიდევ დამატებით სერვისებთან აქვთ წვდომა. მაგალითად: www.naec.ge საიტზე რეგისტრაციის გარეშე შეიძლიათ მოიპოვოთ სხვადასხვა ხასიათის სასწავლო რესურსები: მასალები, მეთოდები, გაკვეთილის გეგმები და ა.შ. მაგრამ თუ დარეგისტრირდებით, მაშინ ნახავთ თქვენი გამოცდების შედეგებს და ა.შ.

რაც შეეხება თვითონ რეგისტრაციას, ყველაზე ხშირად მოითხოვება სპეციალურ უჯრებში შეიყვანოთ თქვენი სახელი, გვარი, საიტზე შესასვლელი ფსევდონიმი ე.წ. მომხმარებლის სახელი, უნდა მოიფიქროთ პაროლი — სიმბოლოების ერთობლიობა, რომელიც თქვენს გარდა არავინ არ უნდა იცოდეს. ამას გარდა შეიძლება მოგთხოვონ სქესი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის და ტელეფონის ნომერი. რაც შეეხება ტელეფონის ნომერს, შეიყვანეთ ჩართული ტელეფონის ნომერი, რადგანაც ხშირად რეგისტრაციის დასასრულებლად, საიტი მითითებულ ნომერზე აგზავნის კოდს, რომლის შეყვანის გარეშეც რეგისტრაცია დასრულებული არ იქნება. აგრეთვე ხშირ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ ე.წ. ქეფჩა კოდის შეყვანა, ანუ რაღაც უცნაურად დაგრეხილი ასოებით დაწერილი ტექსტის.  ეს არის რობოტებისგან დაცვის კოდები. მათი ამოცნობა და შეყვანაც  აუცილებელია. თუ ვერ მოახერხებთ ამ კოდის ამოცნობას, სადღაც აუცილებლად იქნება კოდის შეცვლის ღილაკი. ბედნიერ რეგისტრაციებს გისურვებთ...
ყველაზე ეფექტური კი ალბათ პედაგოგებისთვის გუგლის სერვისებზე დარეგისტრირება იქნება. ეფექტური იმიტომ რომ ერთი რეგისტრაციით თქვენ საშუალება გექნებათ წვდომა გქონდეთ როგორც გუგლის სერვისებზე, (მაგალითად: გუგლის ფოსტა, ფაილების (ღრუბლებში) საცავი, ბლოგი, კალენდარი, გუგლ+, იუთუბის არხი, გუგლის მაღაზია და ა.შ.), ასევე სხვა ორგანიზაციის ვებ გვერდებზე. მაგალითად ფეისბუკში, ან მთელ რიგ ონლაინ კურსებზე, აპლიკაციზე და ა.შ. საკმარისი გქონდეთ გუგლის რეგისტარცია, რომ ისარგებლოთ მათი სერვისებით. 
რეგისტრაციის მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მიერ მომზადებული ვიდეოგაკვეთილი როგორ დავრეგისტრირდეთ ელ-ფოსტაზე    

 7. ტესტირება იყოს

დღეს სკოლაში სულ უფრო ხშირად ტარდება ტესტირებები, ტესტირების სიხშირეს და ტიპს ესგ-ც კი განსაზღვრავს. ტესტების მოსამზადებლად პედაგოგები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, ვთქვათ ვორდში მომზადებული ფურცელი 10 კითხვით, რომელსაც 4(5) სავარაუდო პასუხი აქვს. შემდეგ ამ ფურცლის ასლებს ურიგებენ მოსწავლეებს. ამ ვარიანტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შემოთავაზება მაქვს, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გამარტივება და ელექტრონული სახით წარმოდგენა. 

ტესტირებებთან დაკავშირებით ჩემი მეგობრების საიტზე 10 საუკეთეთესო ვებ რესურსი ონლაინ კითხვარებისა და ტესტების შესადგენად. პოსტს დღეში ათასობით მკითხველი ჰყავს, ამიტომაც გაგიზიარეთ...

მასწავლებეთა სახლის პორტალზე დევს ვიდეოგაკვეთილები გუგლის ტესტირების ინსტრუმენტის შესახებ  




გუგლის ტესტების გამოყენების რეკომენდაციაში ჩემი კოზირი არის ქართული ინტერფეისი, ასევე მხოლოდ ამ პროგრამაში არის შესაძლებელი ღია ტიპის კითხვების შეფასება. ანუ ვთქვათ, ტესტში მოსწავლეს შეიძლება სთხოვოთ გამოხატოს თავის დამოკიდებულება სტუმარ-მასპინძელში განვითარებული სიუჟეტის შესახებ. შემდეგ კი საშუალება გაქვთ გარკვეული ქულით შეაფასოთ. მოკლედ, კაი ტიპია, რა 

 8. დისტანციური სწავლება

აქამდე აქ მე ლემილის გაკვეთილის გეგმების და სხვა რესურსების საცავი მქონდა მოტანილი, მაგრამ უკვე ვთვლი რომ დრო შეიცვალა და ახლა მოდაში სულ უფრო იჭრება ტერმინები MOOK, სინქრონული და ასინქრონული დისტანციურიან ონლაინ სწავლება. დიახ, დღეს დისტანციური სწავლება ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს. ცოტაა ისეთი თემა, რომელიც მასწავლებელთან უშუალო კონტაქტს მოითხოვს. ნებისმიერი საკითხის სწავლა შეიძლება დისტანციურად, ან სულაც ინდივიდუალურად. ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც მომხმარებელს ფასიან და უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობენ, აი ზოგიერთი მათგანი

და თუ აქ არ გავჩერდი....

და რითია ჩვენი ict.tpdc.ge ამათზე ნაკლები? გადადით ამ გვერდზე და ნახავთ ვიდეოგაკვეთილებს საოფისე პროგრამების შესახებ, ოპერაციულ სისტემებზე, ინეტერნეტზე და თან ყველაფერი ქართულ ენაზე და ყველაფერი პედაგოგებზე მორგებულად. მოდით, სცადეთ, თქვენც შექმნათ მსგავსი რესურსები. რატომაც ვერა, თუ მას მანქანის ხელოსნები, ან მარტოხელა კულინარები ახერხებენ? რაც ადრე გასცდებით საკლასო ოთახის ცარციან კედლებს, მით უფრო მეტ თავისუფლებას იგრძნობთ რეალურად. ხვალ შეიძლება იქ მოსწავლეები არც დაგხვდნენ, და ნუ გაგიკვირდებათ...  

საქართველოშიც კი ძალიან ბევრი კონკურენტი გყავთ:

საიდან დავიწყო? გაიარეთ მასწავლებელთა სახლის ტრენინგი „შებრუნებული საკლასო ოთახი“. 


ძალიან დიდი თემაა დიდი პერსპექტივით (მესმის რომ ძალიან ზოგადად შევეხე და უცებ მე თვითონაც უამრავი უხერხული მომენტი გამიჩნდა. მარტო ვარიაციების ჩამოთვლა ნახეთ: დისტანციური სწავლება, საგანმანათლებლო საიტები, ონლაინ კურსები, ვებინარები, ვიდეოგაკვეთილები, ონლაინ სკოლები, უნივერსიტეტები.... მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ MIT-მა მთელი თავის კურსები უფასოდ გამოფინა ინტერნეტში

თუ მეტი ინფორმაცია გაინტერესბთ, ეს საიტი ნახეთ


 9. პერიფერიული მოწყობილობების გამოყენება

პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამობეჭდვა, ასლის გადაღება, სკანირება, ფოტოაპარატთან, ვიდეოგადამღებთან, პროექტორთან, ტელეფონთან სრულყოფილი მუშაობა.

დღევანდელ ტელეფონსაც უამრავი ფუნქცია აქვს, ვთქვათ, სმს შეტყობინების გაგზავნა, სურათის გადაღება, მაღვიძარა, წამზომი, GPS, ინეტერნეტი, კალკულატორი, კალენდარი, ორგანაიზერი, მისამართების წიგნი....
თითოეულ ამ მოწყობილობასთან სამუშაოდ სხვადასხვა პროგრამები და უნარჩვევები დაგჭირდებათ. ვთქვათ ფოტოების დასამუშავებელი პროგრამა. პრეზენტაციისთვის სურათის შერჩევისას ხშირად საჭიროა ფოტოსურათის გარკვეული ადგილის ამოჭრა, სურათის ზომის შეცვლა, კადრირება, კოლაჟების გაკეთება, წარწერის დამატება, ფერების კორექტირება, დეფექტების მოცილება. ამისთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა PhotoShop

როგორც ფოტოს დამუშავება, ვიდეოს რედაქტირებაც ძალიან საჭირო უნარია თანამედროვეობაში. ჰკითხეთ მეგობრებს, რომლებიც მულტიმედიით არიან გატაცებული, რომელს შეუძლია გასწავლოთ Final Cut Pro-ს (mac OS ფასიანია) საფუძვლები. ამ პროგრამის ცოდნით თქვენ, როგორც მინიმუმ YouTube-ზე იმუშავებთ თავისუფლად და შეძლებთ საინტერესო ვიდეო რგოლების შექმნას.

ზოგჯერ თქვენ გაქვთ სხვადასხვა ფორმატის ფაილები, რომლებიც საჭიროებს კონვერტაციას. მაგალითად თქვენ გაქვთ PDF-ი და გჭირდებათ DOC-ფაილი, ან WMA - MP3-ის ნაცვლად და ა.შ. ფაილების კონვერტირების ცოდნა ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეზიუმეს გაგზავნა გჭირდებათ. ზოგიერთ პროგრამას, მაგალითად Microsoft Word-ს შეუძლია თქვენს მიერ გასაკეთებელი სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება,  (მაგალითად ტექსტური ფაილის .pdf ფორმატში ჩაწერა, ან .pdf ფაილის ვორდში კონვერტაცია) მაგრამ სხვა შემთხვევებისთვის თქვენ სპეციალური კონვერტაციის პროგრამები დაგჭირდებათ.

თქვენ აგრეთვე უნდა იცოდეთ ამ მოწყობილობებთან მუშაობის თავისებურებები, ვთქვათ ფაილი როგორ ჩავწეროთ ფლეშ მეხსიერებაზე ან დვდ დისკზე, ან სურათები როგორ გადავიტანოთ ფოტოაპარატიდან კომპიუტერში.

 10. ონლაინ ბანკინგი

ამას რომ ნახავთ, შეიძლება გაგეცინოთ, არიქა და სად მაქვს იმდენი ხელფასი, რომ ონლაინ ბანკი დამჭირდესო, მაგრამ დამერწმუნეთ, მაინც ჩართეთ, თუნდაც ის გესიამოვნებათ, რომ ხელფასის ჩარიცხვის სმს რომ შემოგივათ.
მსხვილ ბანკებს თანამედროვე პირობებში აქვთ ძალაინ საინტერესო, ონლაინ-ბანკინგის სისტემა, ასევე მობილური აპლიკაციები, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ფინანსები ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ამ პროგრამასთან მუშაობის ცოდნა საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ბანკის ოფისებში არსებულ რიგებს, დისტანციურად განახორციელოთ გადარიცხვები, კომუნალური გადახდები, მობილურის და ინტერნეტ მომსახურებები, ან გადაიხადოთ სხვა სერვისის საფასური, ვთქვათ ამაზონიდან გამოწეროთ წიგნები.... :), შეიძინოთ ბილეთები, დაჯავშნოთ ტურები და ა.შ.  


 ბონუსი. საკუთარი თავის ბრენდინგი

ეს ნაწილი ნომრის გარეშეა. თუ თქვენ
მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთოთ. მაგრამ ახლა ამას ბრენდინგს ეძახიან და მეც ასე მოვიხსენიებ  :)

ამისთვის თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეისბუკი ან ტვიტერი. რავი, საქართველოში ფესიბუკი ჯობია(ო), მოდურიცაა და თან გაერთობით.

არა, ისევ ბლოგი ჯობია, ბრენდირებისთვის ბლოგს მიაწექით. დამიჯერეთ, უფრო ეფექტური იქნება, როცა თქვენს მომავალ დამსაქმებელს საკუთარ ბლოგს აუფრიალებთ ცხვირწინ. მიდით, არ გადადოთ, დღესვე დარეგისტრირდით

როგორც ვიცი, კომპანიები პოტენციურ თანამშრომლებს იკვლევენ საძიებო სისტემებისა და სოც-მედიის საშუალებით. მეც ხშირად მივმართავ ამ მეთოდს... მაგრამ რამდენადაც ინტერნეტ მომხმარებელთა 94% პირველი გვერდის იქეთ არ მიდის, თქვენსავე ინტერესებშია საკუთარი თავის სწორად ბრენდირება. და ეს უნდა მოახერხოთ მანამ, სანამ სერიოზულ ვაკანსიაზე შეავსებთ განაცხადს და ინტერვიუზე წახვალთ....

ეს რას ნიშნავს? შეიყვანეთ თქვენი სახელი Google-ში და ნახეთ რა გამოჩნდება პირველ გვერდზე. თუ თქვენ ხედავთ ისეთ რამეს, რასაც თქვენთვის პრობლემის შექმნა შეუძლია, მაშინ შეისწავლეთ, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. გაითვალისწინეთ, რომ პირადი ვებ-გვერდისა ან დომენის შექმნისას აუცილებელია თქვენი სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებაც და ასევე იმაში დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი დადებით რეკომენდაციას გაგიწევთ. თუ თქვენ გაქვთ ისეთი რამ, რისი ჩვენებაც არ გსურთ პოტენციური დამსაქმებლისათვის (მაგალითად პირადი ფოტოები) - იზრუნეთ იმაზე, რომ ისინი საჯარო არ იყოს.


და ბოლოს პატარა გასართობ ვიდეოს შემოგთავაზებთ 21-საუკუნის უნარ-ჩვევების  შესახებ



მე ამ პოსტს რამდენიმე ხანში მოვუბრუნდები მესამე ნაწილით. ანუ საინტერესო იქნებოდა ამ საკითხებზე კვლევა არსებული სიტუაციის შესაფასებლად. ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ამავე თემით, თქვენ კი კვლავ დაფიქრდით, არის თუ არა ეს თემები მნიშვნელოვანი. გამომეხმაურეთ კომენტარებში და გამიზარეთ თქვენი აზრი


ახლა კი შევაჯამებ ორივე პოსტს. თუ თქვენ 
  • კარგად ფლობთ საოფისე პროგრამებს,
  • ინტერნეტში თავისუფლად ეძებთ ინფორმაციას,
  • თავისუფლად იყენებთ ელექტრონულ ფოსტას, 
  • თქვენი სასწავლო რესურსები ღრუბლებში დაფრინავენ,
  • ბლოგზე პოსტებს აქვეყნებთ რეგულარულად,
  • თავისუფლად იყენებთ პერიფერიულ მოწყობილობებს,
  • გაქვთ დისტანციური სწავლების გამოცდილება,
  • და ანგარიში თანამედროვე ბანკში, 
მაშინ თქვენ ციფრული მასწავლებელი ხართ და თავისუფლად შეგიძლიათ აღზარდოთ 21- საუკუნის შესაფერისი ციფრული მოქალაქეები.

გისურვებთ წარმატებას!



3 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით