-->

მომავლის ტექნოლოგიები

წყარო

დოქტორ რობერტ გოლდმანი, დაბრების საწინააღმდეგო მედიცინის მსოფლიო აკადემიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს მომავლის ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესახებ.

მომავლის წინასწარმეტყველებანი:1998 წელს კოდაკს 170 ათასი თანამშრომელი ჰყავდა და მსოფლიო ფოტოქაღალდის ბაზრის 85% ეკავა. სულ რამდენიმე წელიწადში მათი ბიზნესმოდელი უსარგებლო გახდა და კომპანია გაკოტრდა. ის, რაც კოდაკს დაემართა, ბევრ კომპანიას მოუვა შემდეგი 10 წლის განმავლობაში, თუმცა ამას ცოტა თუ ხვდება. 1998 წელს იფიქრებდით, რომ სამი წლის შემდეგ ფოტოფირზე უარს იტყოდით? მაგრამ ციფრული კამერები ხომ ჯერ კიდევ 1975 წელს გამოიგონეს. პირველი კამერები მხოლოდ 10 000 პიქსელით იღებდა, თუმცა ყველაფერი მურის კანონის მიხედვით განვითარდა: როგორც სხვა ექსპონენციალური ტექნოლოგიის შემთხვევაში, ციფრული კამერა წლების მანძილზე არავის აინტერესებდა, სანამ გაცილებით მაღალხარისხიანი არ გახდა და საყოველთაოდ არ გავრცელდა. ეს სულ რამდენიმე წელიწადში მოხდა. სწორედ ასე მოხდება ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვის, თვითმართვადი და ელექტრონული მანქანების, განათლების, სამგანზომილებიანი ბეჭდვის, სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, დასაქმების ბაზრის შემთხვევაში. შემოაბიჯეთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში. ეს ექსპონენციალური ეპოქაა. 

პროგრამული უზრუნველყოფა ყველა ტრადიციულ ინდუსტრიას გარდაქმნის მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. Uber მხოლოდ პროგრამაა, მას არ ეკუთვნის ავტომობილები, და მაინც ამჟამად ტაქსების ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში. Airbnb მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სასტუმროსაც კი არ ფლობს.

ხელოვნური ინტელექტი: წელს კომპიუტერმა გო-ს მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, მოსალოდნელზე 10 წლით ადრე. აშშ-ში ახალგაზრდა ადვოკატებს უკვე უჭირთ სამსახურს პოვნა. IBM Watson-ს წამებში შეუძლია გაგიწიოთ სამართლებრივი კონსულტაცია (ჯერჯერობით მხოლოდ საბაზისო საკითხებზე) 90%-იანი სიზუსტით, როცა ადამიანების მიერ გაწეული ასეთივე კონსულტაციის სიზუსტე 70%-ია. მომავალში 90%-ით ნაკლები ადვოკატი გვეყოლება, მხოლოდ მაღალი რანგის სპეციალისტები დარჩებიან. IBM Watson უკვე ეხმარება ექიმებს სიმსივნის დიაგნოსტირებაში. ფეისბუქს უკვე აქვს შაბლონების ანალიზის პროგრამა, რომელიც ადამიანებზე უკეთ ამოიცნობს სახეებს. 2030 წლისთვის კომპიუტერები ადამიანებზე უფრო ჭკვიანები გახდებიან.  


თვითმართვადი მანქანები: 2018 წელს პირველი თვითმართვადი მანქანის რეალური გამოყენება დაიწყება. 2030 წლისთვის მთელი საავტომობილო ინდუსტრია შეიცვლება. აღარ გენდომებათ მანქანის ყოლა. უბრალოდ გამოიძახებთ მანქანას, ის მოვა და მძღოლის გარეშე წაგიყვანთ დანიშნულების ადგილას. არ დაგჭირდებათ მისი დაპარკინგება და მოვლა. ეს შეცვლის ქალაქების სტრუქტურას, რადგან 90-95%-ით ნაკლები მანქანები დაგვჭირდება. მანქანების ყოფილ სადგომებს საჯარო პარკებად გადავაკეთებთ. ყოველ წელს მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი  საგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდება. ამჟამად ყოველ 100000 კმ-ზე ერთი საგზაო შემთხვევა ხდება. თვითმართვადი მანქანები ამ რაოდენობას ყოველ 10 მილიონ კმ-ზე 1 შემთხვევამდე დაიყვანენ. ეს ყოველ წელს მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს.
საავტომობილო კომპანიების უმეტესობა გაკოტრდება. ტრადიციული საავტომობილო კომპანიები ევოლუციურ მიდგომას აგრძელებენ და უბრალოდ მანქანების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, ხოლო მაღალტექნოლოგიური კომპანიები (ტესლა, ეფლი, გუგლი) რევოლუციურ კვლევებს მიმართავენ და, ფაქტობრივად, ბორბლებზე შემდგარ კომპიუტერს ქმნიან.

სადაზღვევო კომპანიებს სირთულეები შეექმნებათ, რადგან საგზაო შემთხვევების გარეშე დაზღვევა ასჯერ გაიაფდება. მანქანის დაზღვევის ამჟამინდელი მოდელი უსარგებლო გახდება.

უძრავი ქონების ბაზარი შეიცვლება. რადგან ახალი ტიპის მანქანებით მოძრაობისას მუშაობა იოლი და შესაძლებელი გახდება, ადამიანები საცხოვრებლად უფრო შორს გადავლენ, რომ უფრო გამწვანებულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ.

ელექტრონული მანქანები 2020 წლისთვის საყოველთაოდ გავრცელდება. ქალაქებში ხმაური შემცირდება, რადგან მანქანები ძირითადად ელექტროენერგიაზე იმუშავებენ. ელექტროენერგია ძალიან იაფი და ეკოლოგიურად სუფთა გახდება: მზის ენერგიის წარმოება ექსპონენციალურად ვითარდებოდა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ახლა ჩანს შედეგი. შარშან მზის ენერგია წიაღისეულზე უფრო იაფი გახდა. მზის ენერგიის ფასი ისე დაიკლებს, რომ 2025 წლისთვის ნახშირის მოპოვება წამგებიანი გახდება. იაფ ელექტროენერგიას მოჰყვება იაფი და ჭარბი წყალი. ამჟამად ზღვის წყლისგან 1 ტონა სასმელი წყლის მიღებას მხოლოდ 2 კვტ/სთ სჭირდება. უმეტეს ადგილებში ზოგადად წყალი კი არა, მხოლოდ სასმელი წყალია დეფიციტური. წარმოიდგინეთ, როგორი შესაძლებლობები გაჩნდება, თუკი ნებისმიერი ადამიანი ძალიან იაფად იყიდის სასურველი რაოდენობის სუფთა წყალს.

ჯანდაცვა. შეიქმნება სამედიცინო მოწყობილობა („ვარსკვლავური გზის“ ტრიქორდერის მსგავსი), რომელიც მიემაგრება თქვენს ტელეფონს. ის დაასკანერებს  თვალის ბადურას, აიღებს სისხლის ანალიზს და მოგთხოვთ ჩასუნთქვას. შემდეგ  გააანალიზებს 54 ბიომარკერს, რომელთა საშუალებით თითქმის ყველა დაავადების დადგენაა შესაძლებელი. ეს მოწყობილობა იქნება იაფი, ანუ რამდენიმე წელიწადში თითოეული ადამიანი ძალიან იაფად შეძლებს საკუთარი თავის დიაგნოსტიკას.

სამგანზომილებიანი ბეჭდვა. იაფი სამგანზომილებიანი პრინტერის ფასი ბოლო ათ წელიწადში 18000 დოლარიდან 400 დოლარზე ჩამოვიდა. იმავე დროს, მისი სისწრაფე ასჯერ გაიზარდა. ფეხსაცმელების ყველა მსხვილმა მწარმოებელმა დაიწყო ფეხსაცმელების ბეჭდვა. შორეულ აეროპორტებში სპეციალური პრინტერებით იბეჭდება თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები. კოსმოსურ სადგურს უკვე აქვს პრინტერი და აღარ სჭირდება უამრავი სათადარიგო ნაწილის თან წაღება. სულ მალე ახალი თაობის ყველა მობილურ ტელეფონს ექნება სამგანზომილებიანი სკანირების შესაძლებლობა. ანუ რამდენიმე წელიწადში თქვენ შეძლებთ, დაასკანეროთ საკუთარი ტერფი და იდეალური ფეხსაცმელი დაბეჭდოთ სახლში. ჩინეთში უკვე შექმნეს 6-სართულიანი საოფისე შენობა სამგანზომილებიანი პრინტერით. 2027 წლისთვის, წარმოების 10% სამგანზომილებიანი ბეჭდვით შეიქმნება.

ბიზნესშესაძლებლობები. თუკი რაიმე ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას აპირებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მომავალში ეს კიდევ იქნება საჭირო? და თუკი იქნება, შემიძლია ამ პროცესის დაჩქარება?“ თუკი ეს ბიზნესიდეა თქვენს სმარტფონთან არ იმუშავებს, დაივიწყეთ ის. ნებისმიერი იდეა, რომელიც მე-20 საუკუნეში წარმატებას მოიტანდა, უსარგებლო იქნება 21-ე საუკუნეში.

დასაქმება. შემდეგი 20 წლის განმავლობაში თანამედროვე ტიპის სამუშაო ადგილების 70-80% აღარ იარსებებს. შეიქმნება ახალი ტიპის სამსახურები, თუმცა მოსალოდნელია, რომ არასაკმარისი რაოდენობით.

სოფლის მეურნეობა: შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო რობოტები, რომლებიც სულ ასი დოლარი ეღირება და განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობა მთელი დღე ველზე მუშაობის ნაცვლად საკუთარი სავარგულების მენეჯერი იქნება. აგროპონიქსს (ინოვაციური ფერმები, სადაც პროდუქტი მიწის გარეშე, კომპაქტურად მოჰყავთ) გაცილებით ნაკლები წყალი დასჭირდება. უკვე არსებობს ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის ნაჭერი, რომლის წარმოება რამდენიმე წელიწადში უფრო იაფი გახდება, ვიდრე მესაქონლეობა. ამჟამად სასოფლო-სამეურნეო მიწების 30% მესაქონლეობისთვის გამოიყენება. წარმოიდგინეთ, რამდენი სივრცე გათავისუფლდება. უკვე რამდენიმე სტარტაპკომპანიას ბაზარზე მწერების პროტეინი შემოაქვს, რომელიც ძროხის ხორცზე მეტ პროტეინს შეიცავს.

პოლიტიკა. უკვე არსებობს აპლიკაცია „ხასიათი“, რომელიც ადგენს, რა განწყობაზე ხართ. 2020 წლამდე შეიქმნება აპლიკაციები, რომლებიც თქვენი მიმიკებით, სახის გამომეტყველებით დაადგენს, ცრუობთ თუ არა. წარმოიდგინეთ პოლიტიკური დებატები, სადაც მაშინვე გამოაშკარავდება ტყუილი.
ბიტკოინი მალე საყოველთაოდ გავრცელდება და შესაძლოა, სარეზერვო ვალუტაც კი გახდეს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამჟამად სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველ წელს სამი თვით იზრდება. ოთხი წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79 წელი იყო, ახლა 80 წელია. ეს ზრდა გაგრძელდება და 2036 წელს გაორმაგდება. სავარაუდოდ, ყოველი ჩვენგანი ას წელზე მეტ ხანს ვიცხოვრებთ.
განათლება. ყველაზე იაფი სმარტფონები აზიაში უკვე 10 დოლარი ღირს. 2020 წლამდე ადამიანთა 70%-ს ექნება სმარტფონი. ეს ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანისთვის მაღალი დონის განათლება იქნება ხელმისაწვდომი.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით